17:45 - 02 May, 2025
2025-04-29 19:37:13, 366 ნახვა

სამართალი/
პროკურორი ნიკა მელიაზე - იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა მელიამ ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მელიას მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

შესაბამისი განცხადება პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხი. არსებობდა , როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები, აღნიშნულის დასასაბუთებლად ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ დოკუმენტაცია, რატომ უნდა ყოფილიყო ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ფაქტობრივი საფუძვლებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაში.

რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, ამ შემთხვევაში ორ საფრთხეზე გვქონდა საუბარი, ეს იყო მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ორივე საქმესთან დაკავშირებით შუამდგომლობა მოსამართლემ გაიზიარა, შესაბამისად დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა”,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა ნიკა მელიას კითხვას, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რა კითხვითაც მელიამ მოსამართლეს და პროკურორ სხდომის მიმდინარეობისას მიმართა, პროკურორმა განაცხადა, რომ “ეს კითხვა ისმოდა მათი მხრიდან, თუმცა ეს არის მათი სუბიექტური შეფასება, რაც მიმართული იყო პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ”.

“დღეს ნამდვილად არ ფასდებოდა საკითხი კომისიის ლეგიტიმაციაზე და კომისიის ჩამოყალიბების კანონიერებაზე. დღეს ფასდებოდა ბრალდებულის ქცევა, რომელიც გამოიხატა კომისიაში არ გამოცხადებით.

ის ფაქტი, რომ კომისია შექმნილია ლეგიტიმურად თუ არა ეს დღევანდელი სხდომის განხილვის საკითხი არ არის. აქვე დავძენ, რომ კომისია შესაბამისი წესების საფუძველზეა შექმნილი. განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც და ტარდება საგამოძიებო სხდომებიც”,- განაცხადა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics