19:18 - 02 May, 2025
2025-05-01 09:11:45, 190 ნახვა

ეკონომიკა/
ნათია თურნავა - ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება

"აშშ-ში ჩავედით და დავბრუნდით პოზიტიური გზავნილებით" - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა  რუსთავი 2-ის ეთერში, აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

როგორც თურნავა ამბობს, "ქართველო გლობალურ გამოწვევებს ეგებება საკმაოდ გაძლიერებული მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით, ძლიერი ეკონომიკური ზრდით, გაუმჯობესებული საგარეო ბალანსით".

თურნავას თქმით, აშშ-ში ორი გზავნილი ჩაიტანეს, ერთი, რომ "მართლაც შესაშური მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით" და მეორე - შუა დერეფანში და რეგიონში საქართველოს როლის ზრდა. 

"რა მესიჯიც ჩვენ მივიტანეთ და ვხედავთ ამის გააზრებას, არის, რომ საქართველოს აქტუალობა, საქართველოს როლი იზრდება. მე ვახსენე ფრაგმენტაცია - ფრაგმენტაცია კიდევ სხვაგვარად შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეგიონალიზაცია. იმის ნაცვლად, რომ მთლიანად გლობალური მსოფლიო იყოს უფრო შეკრული, ახლა ხდება უფრო რეგიონალური თანამშრომლობის წარმოჩენა, ასევე როგორც საპირწონე პროცესი და ამ კონტექსტში, ჩვენი შუა დერეფანი, სადაც საქართველო სტრატეგიულ ადგილს იკავებს, მით უფრო მეტად აქტუალური გახდა, განსაკუთრებით თუნდაც მსოფლიო ბანკისთვის, რომელიც ზოგადად, ცნობილია რეგიონალური პროექტებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ა.შ. ნებისმიერი ამ განვითარების პროცესში ჩვენს რეგიონში, ჩვენს შუა დერეფანში, საქართველოს ადგილი და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ათად გაიზარდა ჩვენი აქტუალობა და ამის გააზრებას ვხედავთ და ამას ეყრდნობა ის ზომიერი ოპტიმიზმი, რასაც ჩვენ გამოვხატავთ და ის პოზიტიური გზავნილები". - თქვა თურნავამ.

შუა დერეფნის კონტექსტში, თურნავამ ასევე ისაუბრა საქართველოს ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ერთი ჩინური ბანკია და გაუხარდება თუ ჩინეთი უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი.

"მე წეღანაც ვახსენე ჩვენი დერეფნის აქტუალობა და საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდისა, ამ ჩვენ შუა დერეფანში, რომელიც ბევრ ქვეყანას აერთიანებს ერთი ნიშნით, ეს არის რეგიონული ვაჭრობა, რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ რეგიონულ პროექტებს, ვაჭრობას, თანამშრომლობას ცხადია მოჰყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა - ბანკები ერთმანეთთან გადარიცხვებს აკეთებენ, კომპანიები - ანგარიშსწორებას.

ყოველთვის, ასეთი შეხვედრების დროს ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ დავაახლოოთ ჩვენი საფინანსო სისტემები უფრო მეტად, იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით უკვე გლობალური ბიზნესისთვის, მათ შორის, გლობალური საფინანსო ბიზნესისთვის პლატფორმა.

ჩვენ უკვე ახალი ციფრული ბანკები გვყავს, რომელიც ზოგი სინგაპურულია, ზოგი სხვა იურისდიქციიდანაა და ამ კუთხით საინტერესონი ვართ, მათ შორის აზიური ბანკებისთვის.

ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთანაც უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა. დაწყებული საკორესპონდენტო ურთიერთობებით ჩვენ ბანკებს შორის, დამთავრებული კონკრეტულად ინვესტიციებით. ჩვენ მხოლოდ ერთი ჩინური ბანკი გვყავს ბაზარზე, ეს არის ბაზის ბანკი და გაგვიხარდება თუ მეტად იქნება წარმოდგენილი". - თქვა თურნავამ.

მისი თქმით, საუბარი აქვს არამხოლოდ ჩინურ ბანკებზე, არამედ სინგაპურულზე, ასევე თურქულ და ევროპულ ბანკებზეც. თურნავა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბანკში იაპონური ბანკი შემოვიდა და ეს აზიური ინვესტიციაც შუა დერეფანს ეხება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics