|
2026-11-26 12:13:19, 763 ნახვა
კომენტარი/ ვიცე პრეზიდენტი ჰენა ვირკუნენი - ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას
ევროკომისიის პოზიცია წარადგინა ჰენა ვირკუნენმა — ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც პასუხისმგებელია ტექნოლოგიურ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე და ასევე, არის ევროკომისარი ციფრული და მოწინავე ტექნოლოგიების საკითხებში. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველოში დაფიქსირდა დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის ძალიან სერიოზული დეგრადაცია. 2026 წლის გაფართოების ანგარიშში აღინიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებებზე მზარდი ზეწოლა, სამოქალაქო სივრცის შევიწროება, ასევე მტრული ანტიევროპული რიტორიკა და დეზინფორმაცია“, — განაცხადა ევროკომისარმა. ვირკუნენის თქმით, ამ კონტექსტში ევროკომისია ასევე აკვირდება პაატა ბურჭულაძის საქმეს და ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი განხილვის პროცესშია, საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო, სათანადო სამართლებრივი პროცედურა და პატიმრობის სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებების დაცვით. „ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროდ, ბოლო წლების მოვლენები ქვეყანას ევროკავშირის გზიდან აშორებს. გაფართოება არის და დარჩება პროცესად, რომელიც სრულად არის დამოკიდებული თითოეული პარტნიორის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფუნდამენტური საკითხებით იწყება. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრიანების გზაზე პროგრესი შეუძლებელი იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და ჩაერთოს არსებით დიალოგში ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან. ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო აირჩევს კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან დაბრუნებას“, — განაცხადა ჰენა ვირკუნენმა. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კურსის შეცვლას და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებთან კვლავ დაბრუნებას აირჩევს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2026-11-23 10:55:52 კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა 2026-11-21 11:40:43 მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა 2026-11-21 10:54:39 კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან 2026-11-20 10:44:06 ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა 2026-11-16 11:21:06 უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან

