09:00 - 27 Sep, 2026
2026-09-24 12:10:05, 1346 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით

საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი, მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები, – ამის შესახებ "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, ურყევ ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული.

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში მონაწილეობა და საქართველოს სახელით გამოსვლა. საქართველოსთვის ყირიმისა და უკრაინის საკითხი არ არის მხოლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში საქართველომ თავად განიცადა საერთაშორისო წესრიგის ეროზიისა და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფის შედეგები. რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.

ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპებისადმი ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორუმია უკრაინის მიმართ საერთაშორისო ყურადღების შესანარჩუნებლად და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთო ვალდებულებების კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნისთვის. საქართველო მშვიდობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგულია და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ ძალისხმევის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

2026-09-24 11:04:48

კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

2026-09-21 08:43:22

ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა

2026-09-20 10:25:23

კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა

2026-09-19 11:29:16

უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

2026-09-19 10:59:28

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics