07:36 - 27 Nov, 2026
2026-11-20 22:04:55, 3530 ნახვა

სამართალი/
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

67 წლის გელა არობელიძეს, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ეს განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოიტანა, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობდნენ.

ბრალდების მხარე სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არობელიძე წარსულში ნასამართლევია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სავარაუდო დანაშაულის იარაღი გადაგდებული აქვს.

ადვოკატები პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულს წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლეობა არ გააჩნია, რის გამოც ადვოკატები მისი 50 000 ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, პენსიონერ ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics