03:07 - 02 Jun, 2026
2026-06-01 13:22:10, 172 ნახვა

პოლიტიკა
დათუნაშვილი - ოცნების მთავრობამ, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას მორალის პოლიცია

„ქართული ოცნების“ სასიქადულო ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ღირსეული ნაბიჯი გადადგა ქართული ავტოკრატიის მშენებლობის და განვითარების გზაზე. ყველა დროის ყველაზე უმორალო „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას „მორალის პოლიცია“, –  ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე.

„მორალის სამმართველოს უდიდესი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან 10-კაციანი რაზმი შეეჭიდება 3-მილიონი ქართველის ფეისბუქგვერდის კონტროლს. დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამხანაგებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს შრომა აუცილებლად დაუფასდებათ. ყველაზე „ჰუმანური“ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო უკვე შექმნილია“. აი, ახლა, ამ წუთებში, როდესაც მე მისმენთ, ათი თანამშრომელი თავდაუზოგავად სქროლავს სოციალურ ქსელს და ამით სქროლვა-სქრინვის სამმართველოს მთავარ ფუნქციას ასრულებს. თქვენს ფეისბუქკედლებს ამიერიდან არა ვინმე ციცო დეიდა, არამედ „მორალის პოლიცია“ გააკონტროლებს, რა ჭკუაზე ხართ, რა გონებაზე, რას აკომენტარებთ, რას წერთ და როგორი ემოცია გაქვთ. ამიტომ მშვიდად იყავით, ქართველებო. როგორც ჩანს, „ოცნების“ ახალი პოლიტიკური პროგრამა ასეთია და ძალიან მარტივი – სულ უფრო ნაკლები თავისუფლება ხალხს, მეტი მონიტორინგი, ნაკლები პასუხი რეალურ პრობლემებზე, მეტი სქრინი მოქალაქეების პროფილებიდან ხელისუფლებას, ვაშა და ყოჩაღ, მეგობრებო.

ვაი თქვენს პატრონს, „ქართულო ოცნებავ“. ახლა კი სერიოზულად – „მორალის პოლიცია“ შექმნა ხელისუფლებამ, რომლის დამსახურებაა საქართველოში ქართული ენის დეგრადაცია საჯარო სივრცეში, რომლის გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები სხვადასხვა დროს დედას იგინებიან იმ დარბაზებში, რომლებშიც მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია, რომლებშიც მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. ეს ადამიანები აკონტროლებენ საქართველოს მოქალაქეების ენას იმ უწყების გავლით, რომელ უწყებასაც ტვირთად ადევს რამდენიმე დღის წინ ადამიანის საჯაროდ წამება, რომელიც ვიდეოზე დაფიქსირდა და რომელიც, ზოგადად, სისტემურად აწამებს ადამიანებს. პოლიცია, რომელიც შენობით ელაპარაკება აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, პოლიცია, რომელიც პერმანენტულად, 24-საათიან რეჟიმში ამცირებს საქართველოს მოქალაქეებს, თურმე ეს უწყება დღეს არის სანდო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ენა აკონტროლოს. ეს არის სამარცხვინო მოვლენა და კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვის გზაზე. ეს ასე არ დამთავრდება, ბოლოს მაინც ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics