09:40 - 26 Jan, 2026
2026-01-25 12:35:33, 162 ნახვა

სამართალი/
ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა – ავალიანის მოსწავლის დედა

გიგა ავალიანის მოსწავლის, ნ.ი-ს დედა საქმის მასალების გასაჯაროებას ითხოვს.

არასრულწლოვანის დედა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ პროკურატურას საქმის დაწყების შემდეგ სთხოვდა, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ მისი შვილის უდანაშაულობაში.

"მე ამდენი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი მეპასუხა იმ ცრუ ბრალდებებზე, რომელიც ისმოდა ჩემი შვილის მიმართ, თუმცა არ ვსაუბრობდი ვინაიდან ვფიქრობდი, რომ გარდაცვლილეზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს. მე არ მინდოდა საზოგადოებისათვის მგრძნობიარე სიტუაციის უფრო სენსიტიურად ქცევა და მიუხედავად ჩემი შვილის სიმართლისა ვითვალისწინებდი საზოგადოების წინასწარგანწყობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ემპათია გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ამიტომ ვდუმდი.

ჩვენ პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, რომ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებისათვის მიეწოდებინათ დეტალური ინფორმაცია, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ ჩემი შვილის უდანაშაულობაში - თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეკა კუპატაძემ იცის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა და დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, მას საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. მე ვფიქრობდი, რომ როდესაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები ნახავდნენ საქმის მასალებს დარწმუნდებოდნენ, რომ ჩემი შვილის მიმართ ბრალდებები მკვლელობის შეკვეთანსთან დაკავშირებით უსაფუძვლო იყო.

გაშავების შესაძლებლობა აქამდე არ მქონდა?! შენ ვერ მიხვდი ჩემი სიჩუმის რეალურ მიზეზს, არ გაჩერდი, ახლა კი ხალხი მთხოვს პასუხს.

მე არ მაქვს საქმის მასალები და ვერ გავასაჯაროვებ! შენ გაქვს! თუ სიმართლეა რასაც ამბობ, ამოიღე როგორც თავად თქვი მეცხრე ტომის 190-200 გვერდები და ვიდეო ჩანაწერი, ხოლო დანარჩენი საქმის მასალა გაასაჯაროვე სრულად, მათ შორის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელიც ადვოკატის თქმით საქმეში უნდა იდოს! არც მე არ მინდა კინო, ისედაც გული მისკდება, რომ ადამიანი გარდაიცვალა, არასრუწლოვნები და მათი ოჯახები გაუბედურდნენ! მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას არ იზამ, იმიტომ რომ იტყუები!

შენ ბოროტად იყენებ საზოგადოების თანაგრძნობას და საზოგადოებას აქეზებ, რომ მკვლელობა ჩაიდინონ. დედის რძე უნდა არწყევინო თურმე ჩემს შვილს იმ სიმართლისთვის რისი აღიარებაც შენ არ გინდა.

მივმართავ საზოგადოებას!

რა გინდათ ჩემი შვილისგან, რომელიც გიგა ავალიანთან განათლებისათვის, გზის გაკვალვისთვის მივიყვანე და არა იმისათვის, რომ სექსუალურად შეევიწროვებინა!

რისთის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი?

16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროვებენო?

რისთვის ლანძღავთ? ბავშვებს ასწავლით, რომ მათზე 12 წლით უფროსი ადამიანი თუ შეუსაბამოდ იქცევა ხმა არ ამოიღონ? ეუბნებით, რომ ყველა შემდგომი შედეგი მათი პასუხისმგებლობაა? გაჩუმდნენ და მოითმინონ?

ისე გადაუარეთ ჩემს შვილს, რომ არც კი გიკითხავთ იცოდა თუ არა რაიმე ან ვინმეს დაავალა თუ არა რამე?

გაასაჯაროვე საქმის მასალები და თუ შენს მიერ ნათქვამი სიტყვები რეალური აღმოჩნდება, მე ჩემს შვილს ჩემი ხელით მივიყვან პოლიციაში!" - წერს თამუნა იმნაძე ნავროზაშვილი.

ცნობისთვის, მასწავლებელს ეჭვიანობის ნიადაგზე თავს პირველ ოქტომბერს დაესხნენ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და სამკვირიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა. 

თავდაპირველად, საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ა.გ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო გ.რ-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობას.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics