09:38 - 26 Jan, 2026
2026-01-22 11:59:25, 184 ნახვა

საზოგადოება/
კალაძე ირწმუნება, რომ თბილისში იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე-მესამეხარისხოვანი ქუჩები და ჩიხები

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 17 იანვრიდან დღემდე, მოსული უხვის ნალექის გამო, გზებზე 5 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩების, ასევე, ჩიხების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება მიმდინარეობს.

„თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. 17 იანვრის საღამოდან დღემდე იწმინდება გზები დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე. იწმინდება და ტექნიკური მარილით მუშავდება ტროტუარები, მეორე და მესამეხარისხოვანი ქუჩები, ჩიხები. ქალაქის მასშტაბით დაიყარა 5 000 ტონაზე მეტი მარილი. ხდება მუდმივი მონიტორინგი, უბნების შემოვლა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მანვე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დედაქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს. ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოდ იყოს შესაძლებელი. ასევე, მადლობას ვუხდი რაიონულ გამგეობებს, გამგებლებს, თითოეულ თანამშრომელს, „ეკოსერვის ჯგუფის“ და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს. მუნიციპილატეტის შესაბამის უწყებებს კოორდინირებას უწევდა და ყველა რთულ ლოკაციაზე 24-საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რისთვისაც მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა ასევე გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

„მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რადგან მათთან კოორდინაციით შევძელით, აღმოგვეფხვრა ყველა პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობის დროს დაფიქსირდა. ზამთარი წინ გვაქვს, მუნიციპალიტეტი მზადაა ყველა გამოწვევისთვის, მოსახლეობას კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ზამთრის განმავლობაში, გზებზე ვიმოძრაოთ შესაბამისი საბურავებით, რათა საფრთხე არ შევუქმნათ არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics