07:46 - 06 Dec, 2025
2025-11-10 10:35:50, 1495 ნახვა

კომენტარი/
პაპუაშვილი - ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს, - წერს "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც " ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბრიუსელი დღეს აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

,,როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელის გულზე დევს. დღეს, ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი, დემოკრატიის პატივისცემაა.

შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას - ანუ ხალხის მმართველობას - და, ამავე დროს, ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა.

შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს და მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო.

დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს.

გზა ნათელია, გამოსავალი - ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, - წერს პაპუაშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics